„ფაიზერის“ ვაქცინაზე ჯავშნები, ამეტაპზე გაკეთდება 18 წლის ზემოთ პირებისთვის, თუმცა ვაქცინის მეორე პარტიის მიღების შემდეგ, ასაკობრივი ზღვარი 16 წლამდე დაიწევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. ვაქცინის დარჩენილ პარტიებს კი, საქართველო ეტაპობრივად მიიღებს.
„ამ ეტაპზე შემოსულია „ფაიზერის“ 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ პირველი დოზით აცრილისთვის იქნება გარანტირებული. ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ უკვე არსებობს იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა როგორც არის ინსტრუქციით ამ ეტაპზე 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. ქვეყანაში „ფაიზერის“ მეორე პარტია რომ შემოვა, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ გახლავთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.