საზოგადოება
14.07.2021 11:29
„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან დაიწყება

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ.

უწყების ცნობით, აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება. ამასთან, სრული ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით გაკეთდება, იმუნიზაცია კი -პირველ ეტაპზე 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ამ ეტაპისთვის, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.

აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

კვირის ამბები