„სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“-ის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
„სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“-ის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ უბანში მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართულ პირველ შეხვედრაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მიიღო.
„მომავალი წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. გასული წლებისგან განსხვავებით, გვაქვს სიახლეებიც - 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დაფინანსდება კულტურული, სოციალური, სპორტული, ახალგაზრდული და სხვა პროექტებიც. დაიწია ასაკობრივმა შეზღუდვამაც. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ 2022 წლის პროგრამის ფარგლებში, იდეების წარმოდგენას მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან შეძლებენ,“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული პროგრამის ფარლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
პროგრამის მიზანი კი, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 2016 – 2020 წლებში 156 პროექტი განხორციელდა, მიმდინარე წლის ბოლომდე კი 44 პროექტის განხორციელება იგეგმება.