ჩვენ ვართ შეურიგებელნი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმართ და ის ფაქტი, რომ ეს პროცესი, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გადასულია აქტიურ ფაზაში, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში, რიგით 101-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ,,უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების საკითხზე შედგა ძალიან ინტენსიური დისკუსია, იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ პროცესები რომ არ დავაზიანოთ, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება ოჯახს, ჩვენ ოჯახთან გვაქვს კომუნიკაცია პერმანენტულად, ეს კომუნიკაცია რა თქმა უნდა იქნება შენარჩუნებული და მივაწვდით ოჯახის წევრებს ინფორმაციას. რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა - ჩვენ ვართ შეურიგებელნი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმართ და ის ფაქტი, რომ ეს პროცესი, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გადასულია აქტიურ ფაზაში, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ამაზე ჩვენი პოზიცია იყო და არის მკაცრი და პრინციპული და ამ კუთხით, არ შეიძლება იყოს რაიმე სახის დივერგენცია ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაში, ვინაიდან, ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის, არ აქვს მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის რომელ მხარეს, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ფიზიკურ უსაფრთხოებას, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამეტურ უფლებას, ყოველთვის იქნება მიუღებელი და ეს საკითხი ყოველთვის მკაცრად დაისმევა არსებულ ფორმატებში გამართულ მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.