საზოგადოება
13.07.2021 16:50
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს
საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს.
ლაშქარავას კოლეგები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობნენ.
ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარკვეული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო, 11 ივლისს, დილით, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. მომხდარზე მიმდინარეობს ექსპერტიზები.
შსს-ს 12 ივლისის განცხადებით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირება. უწყების ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა რამდენიმე სახეობის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიების ამ ვერსიას კატეგორიულად არ იზიარებენ გარდაცვლილის ახლობლები და კოლეგები.
ლექსო ლაშქარავა თბილისში, მამის გვერდით დაკრძალეს.
გარდაცვლილი კოლეგის სახელის პატივისცემის ნიშნად, საქართველოში მოქმედი ტელემაუწყებლობების უმრავლესობამ, მათ შორის შიდა ქართლში მოქმედმა ტელევიზიებმაც, 15 საათზე მაუწყებლობა 10 წუთით შეწყვიტეს.
კვირის ამბები