საზოგადოება
13.07.2021 14:16
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში - ამირან გამყრელიძე

მოგიწოდებთ ყველას მეტი ყურადღებისკენ, ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს სამი რეკომენდაცია წარუდგინა რაც ითვალისწინებს ინტენსიურ ვაქცინაციას, არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულყოფილად დაცვას და ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას.

„მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთ გამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ 19-ის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610.

კვირის ამბები