კონფლიქტები
13.07.2021 11:51
დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება ჰუმანიტარული საკითხებიც, რომლებიც ადგილზე მოსახლეობას აწუხებს - ზვიად ზვიადაძე

დღეს, რიგით 101-ე შეხვედრაზე განხილული იქნება ჰუმანიტარული საკითხებიც, რომლებიც ადგილზე მოსახლეობას აწუხებს. ეს იქნება სარწყავი-საირიგაციო წყლის პრობლემა თუ სხვადასხვა თემები, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ზვიად ზვიადაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.  

,,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე, გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებასა და ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხის პარალელურად, განხილული იქნება სხვა ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ადგილზე მოსახლეობას აწუხებს. ეს იქნება სარწყავი-საირიგაციო წყლის პრობლემა თუ სხვადასხვა თემები, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში დღის წესრიგში დგას.

იმედი გვაქვს, დღეს მივიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც გვაწუხებს. ამ სისტემის მოწესრიგება უნდა მოხდეს რა თქმა უნდა ორივე მხარის ხელშეწყობით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზეა საუბარი, რომელთა აღმოფხვრის შედეგად უნდა მიეწოდოს მოსახლეობას საირიგაციო წყალი”, - აღნიშნა ზვიად ზვიადაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში რიგით 101-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაც შედგა, სადაც მიმდინარე საირიგაციო სეზონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფასა და ამ მიმართულებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე იმსჯელეს.

კვირის ამბები