საზოგადოება
13.07.2021 11:38
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

დღეს, 13 ივლისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ, მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

ამ დღეს, განსაკუთრებული საზეიმო მსახურება მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარია. სვეტიცხოველი საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილია. ასევე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავია.

XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ერთ-ერთია ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მცხეთაში, სვეტიცხოველში, დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. ეს საკათედრო ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

 

კვირის ამბები