ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს, 13 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 25 საგამოცდო ცენტრში აბარებენ. რაც შეეხება გორის საგამოცდო ცენტრს, ამ დროისთვის, 353 აპლიკანტი გადის გამოცდაზე. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ხვალიდან საგამოცდო პროცესში უკვე პედაგოგებიც ჩაერთვებიან, რომლებიც დილის სესიაზე პროფესიულ უნარებს ჩააბარებენ. მეორე სესიაზე კი, აბიტურიენტები კიდევ ერთ სავალდებულო საგანში - ბიოლოგიაში ჩააბარებენ გამოცდას.
„დღეს, ორი სესიაა ჩანიშნული. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა აღნიშნულ საგანში 2 საათითა და 40 წუთითაა განისაზღვრული. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 368 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 15 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გამოსაცდელთა მეორე ნაკადს ორი საათისთვის ველოდებით. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, ასევე, არ შემოსულა განაცხადი რომელიმე გამოსაცდელისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო. უკვე ჩატარდა გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხოურ ენებსა და მათემატიკაში. გამოცდების პარალელურად დაწყებულია გასწორების პროცესიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველადი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად აგვისტოს თვეში დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დასრულებისთანავე შეიტყობენ.