კონფლიქტები
13.07.2021 09:40
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დღეს რიგით 101-ე შეხვედრა გაიმართება

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს რიგით 101-ე შეხვედრა გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და ბოლო პერიოდში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

ინციდენტების პრევენციის ფორმატში დაგეგმილ 101-ე შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე დღის წინ გამართული ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე საირიგაციო სეზონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

„მოგეხსენებათ , მომავალ სამშაბათს არის ინცინდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. ასევე, მთავარი განსახილველი თემა იქნება კვლავ ჩვენი თანამოქალაქეების ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის საკითხი”, - აღნიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერგნეთში 8 ივლისს გამართული ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კვირის ამბები