მინდა, განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი წარუმატებელი შეთქმულება იყო.
,,აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესისის ინტერესებში არ იყო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი რევანშისტული ძალის ინტერესებში, ეს იყო რუსეთის ინტერესებშიც. სცადეს, ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში იყო ჩართული. მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში.
რაც მოხდა, ბუნებრივია, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაცია-დემონსტრაციები ევროპის შუაგულში, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს აშშ-ში მომხდარი აგრესიული ძალადობრივი დემონსტრაციები.
ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ, მათ, ლგბტ საზოგადოებას ვუთხარით, ასევე, ვუთხარით ჩვენ პარტიონი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ აღლუმის რუსთაველზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოში, სადაც ხდება ძალადობა და კრიმინალი, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ გარანტიას ვიძლევი, ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი, არავითარი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დაუზუსტებელია და ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი.
მედიასაშუალებების, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუშინ, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის გორშიც, არაერთი აქცია გამართეს, მომხდარი დაპირისპირების თავიდან აცილებისთვის არასაკმარის მოქმედებებსა და დამდგარ მძიმე შედეგებში ხელისუფლება დაადანაშაულეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.