საზოგადოება
12.07.2021 11:52
ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება, გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 369 აპლიკანტიდან გამოცდაზე 15 არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 354 აპლიკანტი გადის გამოცდაზე. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განაცხადა, რეგისტრაციის პროცესში შეფერხება არ ყოფილა, ასევე, არ შესულა ახალი განაცხადი რომელიმე აპლიკანტისთვის კორონავირუსის დადასტურებასთან დაკავშირებით.
„დღეს,11 ივლისს, ორი სესიაა ჩანიშნული. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა აღნიშნულ საგანში 2 საათითა და 40 წუთითაა განისაზღვრული. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 369 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა 15 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, ასევე, არ შემოსულა განაცხადი რომელიმე გამოსაცდელისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა საგამოცდო ცენტრში ზედმიწევნით სრულდება ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები. ყოველი სესიის დასრულების შემდეგ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ხვალიდან, ეროვნული გამოცდები კვლავ ისტორიის გამოცდისთვის ჩანიშნული 2 სესიით გაგრძელდება.
 
 
 
 
კვირის ამბები