მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და პავლე მოციქულებს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდში ცხოვრობდნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. ვიდრე უფლის გზას შეუდგებოდა, პეტრე მეთევზე იყო.
წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, ვინაიდან თვლიდა, რომ არ იმსახურებდა ჯვარზე ისე გაკვრას როგორც იესო გააკრეს.
წმინდა მოციქული პავლე კი წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დაბრმავდა, სწორედ ამ დროს, მას ღმერთმა თავისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც შეუდგა უფლის გზას და მუდმივად დიდ ღვაწლში იყო. წმინდა მოციქული პავლე პეტრეს მსგავსად მოწამეობრივად აღესრულა, მას თავი მოჰკვეთეს.
ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ.