საზოგადოება
09.07.2021 14:52
მეჯვრისხევში სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალის“ ფარგლებში  გაშენებულ ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან.  სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თამაზ ზუმბულიძემ ხეხილის ბაღი 2019 წელს გააშენა. ფერმერმა, 6 ჰექტარზე ვაშლის, ქლიავისა და მსხლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 51 000 ლარი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. აქედან 36 000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 15 000 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის.

სახელმწიფოს ხელშეწყობით,  თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული ხეხილის ბაღი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, აბელ აბესაძესთან ერთად მოინახულა.

აბელ აბესაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 2.8 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა, ზემოხსენებული პროგრამით გამოყოფილი სახელმწიფო თანადაფინანსება კი, 18.8 მილიონ ლარს აჭარბებს.

კვირის ამბები