შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული კ.ბ. დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დაკავებული „ევროპული საქართველოს“ წევრი კახა ბურჯანაძე გახლავთ, რომელიც ამავდროულად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ბურჯანაძის ინტერესებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იცავს. თედლიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილის დაწვა ბურჯანაძემ ნამდვილად სცადა, თუმცა, ავტომანქანა მისი საკუთრებაა.
„გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას. როგორც კახა ბურჯანაძე აცხადებს, მან სცადა საკუთარი ავტომობილის დაწვა. ამ ეტაპზე გამოვცხადდით პოლიციაში და ვფიქობთ, რომ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. როდესაც მოხდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგენა, შემდეგ გახდება ჩემთვის ცნობილი საქმის მასალები და ის, თუ რა შესაძლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ედავება გამოძიება.
აღნიშნული ავტომობილი არის სოფელს სკრაში მცხოვრები ვინმე მარი კაკაშვილის მართვის ქვეშ, თუმცა საკუთრება და შეძენილი არის კახა ბურჯანაძის მიერ და იგი ამიტომ ამბობს, რომ სცადა საკუთარი ავტომანქანის დაწვა“, - აცხადებს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.