2022 წლის პირველი იანვრიდან, ჯილეხით მკვდარი პირუტყვის მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ,- ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კომპენსაციის მისაღებად
მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი უნდა იყოს იდენტიფიცირებული (ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემაში) და მეპატრონეს უარი არ უნდა ჰქონდეს ნათქვამი ცხოველის უფასო ვაქცინაციაზე. ამასთან, ცხოველის მფლობელმა/მომვლელმა ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება. ჯილეხის შემთხვევა კი, უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.
ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი, შესაძლოა ფატალური იყოს.