საზოგადოება
09.07.2021 11:42
რეგისტრაციის პროცესში შეფერხება არ გვქონია, არ არის განაცხადი აპლიკანტისთვის კორონავირუსის დადასტურებასთან დაკავშირებითაც - თინათინ გვერდწითელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის,  გორის საგამოცდო ცენტრში 301 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განაცხადა, დღეს, 9 ივლისს ორი სესიაა ჩანიშნული, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა აღნიშნულ საგანში 3 საათითაა განისაზღვრული. თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 320 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 19 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტთან დაფიქსირებულა  მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, ასევე, არ შემოსულა განაცხადი რომელიმე გამოსაცდელისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით. - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა საგამოცდო ცენტრში ზედმიწევნით სრულდება ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები. ყოველი სესიის დასრულების შემდეგ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ორშაბათიდან, ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გაგრძელდება.

კვირის ამბები