საზოგადოება
08.07.2021 22:35
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აალების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, შინდისის გმირების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ცეცხლის გაჩენის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებული მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

,,გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განცხადებით, სამივე პაციენტს აღენიშნება ხანძრის შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.

,,შემოყვანილია სამი პაციენტი, სამივე მათგანს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, რაც ხანძრის დროს მიიღეს, გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ორს კი აღენიშნება სხეულის მრავლობითი დამწვრობა და იგეგმება მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში“, -  განაცხადა ხათუნა შრუბმა.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კვირის ამბები