საზოგადოება
08.07.2021 15:21
გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ ქარელმა თანამდობობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ ქარელმა თანამდობობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

GMnews-ის ინფორმაციით, ქარელმა განცხადებით გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს უკვე მიმართა. რაც შეეხება განცხადების დაწერის საფუძველს, გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ქარელის გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე, რამდენიმე დღის წინ, „ღირსების მარშის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე ქარელის მიერ  გაკეთებული კომენტარი გახდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მიერ თანამდობობიდან გათავისულების შესახებ განცხადების დაწერის ფაქტი დაადასტურა.

„გიდასტურებთ, რომ მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ნამდვილად დაწერა განცხადება. აღნიშნული განცხადება შემოვიდა ჩვენთან, რესურსცენტრში, როგორც შუალედურ რგოლში და გადაიგზავნა განათლების სამინისტროში.

რა გახდა განცხადების დაწერის საფუძველი, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

GMnews-ის კითხვაზე, გახდა თუ არა განცხადების დაწერის საფუძველი ის კომენტარი, რომელიც ზურაბ ქარელმა აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გააკეთა, ტერმაკოზაშვილი აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, აქვს თუ არა კავშირი ქარელის მიერ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის რომელიმე კომენტართან.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ წევრებსა და სამოქალაქო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ათობით ჟურნალისტს, აშშ-ის სალჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ზურაბ ქარელმა არაეთიკური კომენტარი გააკეთა.

კვირის ამბები