გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე საირიგაციო სეზონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა იყო.
„განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საირიგაციო სეზონზე წყალმომარაგების უზრუნველყოფის საკითხი. მოგეხსენებათ არის ირიგაციის სეზონი, არის სიცხე, შესაბამისად წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები სარწყავი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების განხილვა. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ირაკლი ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხს.
„მოგეხსენებათ , მომავალ სამშაბათს არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. ასევე, მთავარი განსახილველი თემა იქნება კვლავ ჩვენი თანამოქალაქეების ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის საკითხი.
საუბარი გარკვეულწილად შეეხო ამ თემასაც, მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ შეხვედრიდან შეხვედრამდე, არამედ კონსულტაციები წარმოებს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 101-ე შეხვედრაა ჩანიშნული.