სოფელ ბიისში „საზაფხულო ბანაკი 2021“ გაიხსნა. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 400 ბავშვი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური ხელშეწყობით დაისვენებს.
ბიისში ახალგაზრდების პირველი ნაკადი (50 კაციანი ჯგუფი) დღეს გაემგზავრა. ისინი ბანაკში 5 დღე დარჩებიან. GMnews-ის ინფორმაციით, ზემოხსენებულ პროექტს მერია 36 800 ლარით აფინანსებს. 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ბანაკი რვა ეტაპად უმასპინძლებს.
„საზაფხულო ბანაკი 2021“ ტანას ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა. ბანაკის ბენეფიციარები, საველე პირობებში, კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. მოეწყობა, ასევე, ლაშქრობები, ჩატარდება სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. ბანაკში დასვენების მსურველებმა უნდა მიმართონ ასოციაცია „ტონთიოს“ მისამართზე, გორში გორიჯვრის ქუჩის 26 ნომერში მდებარე ოფისში ან დაუკავშირდნენ ნომერზე: 599 221 644;ბანაკში დამსვენებელთა შერჩევისას უპირატესობა ენიჭება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ და სხვადასხვა პროექტებში ჩართულ აქტიურ ახალგაზრდებს,“ - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.