საზოგადოება
08.07.2021 13:57
„საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი შიდა ქართლის გუბერნატორს და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

დავით წითლიძემ 2030 წლამდე პერიოდისთვის მელიორაციის დარგის განვითარების პერსპექტივებისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი გეგმების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დრენირებული ფართობი - 74 000 ჰექტარზე მეტი იქნება“, - განაცხადა დავით წითლიძემ. 

შეხვედრაზე, რეგიონში დაგეგმილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის, თეძამის (კასპის მუნიციპალიტეტი) წყალსაცავის მშენებლობასა და პროექტის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. ცნობისთვის, აღნიშნული წყალსაცავით, რეგულარულად 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

შეხვედრაზე  ასევე განიხილეს საირიგაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა და რწყვის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა.

კვირის ამბები