ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის მომზადებაში ეხმარებიან. დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ და მოწყობილობების ნაწილი გადასცეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ევროკავშირი და ჯანმო ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და მასობრივი ვაქცინაციის ტექნიკურად გამართულ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციებმა საქართველოს დამატებითი ინვენტარი გადასცეს.
„ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილიც.
მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს, რომლებიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევენ და გვეხმარებიან როგორც ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და განაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს.