საზოგადოება
07.07.2021 13:34
შემოდგომიდან კვერნაკის დასახლება უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

გორში, კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. როგორც ცნობილია, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე მოსახლე სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. როგორც ვალერიან მჭედლიძემ აღნიშნა, პროექტის დასრულების შემდეგ, კვერნაკის დასახლების მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება.

„კვერნაკის დასახლება ქალაქის ერთადერთი უბანია, სადაც სასმელი წყალი მოსახლეობას დღემდე გრაფიკით მიეწოდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული მოძველებული მილების ამოცვლა და დაახლოებით ერთი თვის ვადაში, სამუშაოები სრულად დასრულდება, რის შემდეგაც, ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ,“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა. 

პროექტის ფარგლებში 800 მეტრამდე მაგისტრალური მილი მოეწყო, ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს რეზერვუარის რეაბილიტაცია და იგეგმება ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

აღსანიშნავია, რომ რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩასტარებია.  პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

კვირის ამბები