დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. როგორც მან საკოორდინაიო საბჭოს დასრულების შემდე ბრიფინგზე განმარტა, ასევე, ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს სასტუმროებში უსაფრთხოების ზომები.
„პირბადე დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე, მაგალითად, დღეს ჩვენი ერთი რეკომენდაცია იყო, რომ თუ იქნება ამ ზაფხულს კონფერენციები, შეკრებები, იქ დაუშვან მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები, იგივე სასტუმროებში, რომ სასტუმრო უსაფრთხო იყოს. აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად იყოს ორჯერადად აცრილი და იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ტარდება სხვადასხვა მიზეზით შეკრება, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. დღეს ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა გადის აცრებზე. ამიტომ თუ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას. დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის, ვაქცინები სამყოფი რაოდენობით არის და კიდევ შემოვა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისის მეორე ნახევარში „ფაიზერის“ საწყისი დოზები იქნება ქვეყანაში და „ფაიზერითაც“ დაიწყება აცრები.