საზოგადოება
06.07.2021 13:08
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სახელმწიფო პროგრამით - „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი გაშენდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, სახელმწიფო პროგრამით - „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი გაშენდა.

ახლადგაშენებული ხეხილის ბაღი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერეს.  

პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი შპს „ჩერი.ჯემ“ 11 ჰექტარზე გააშენა, რისთვისაც, სოფლის განვითარების სააგენტოსგან თანადაფინანსების სახით 112 000 ლარი, ხოლო ჭაბურღილის მოსაწყობად, კომპანიამ 18 000 ლარის დაფინანსება მიიღო. „ჩერი.ჯე“, ასევე, შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია და ბლის ბაღის გაშენებისთვის აღებული სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს აჭარბებს.

 

„პროგრამა „დანერგე მომავალი” სტრატეგიული მნიშვნელობისაა მეხილეობის განვითარებისთვის და განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს. პროგრამაში მრავალი ფერმერია ჩართული და, ყოველწლიურად, სულ უფრო პოპულარული ხდება. წელსაც ფერმერების მხრიდან განსაკუთრებული აქტივობაა - შვიდი ათასზე მეტი კონტრაქტია გეგმაში, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია. კომპანიის „ჩერი.ჯე” ბლის ბაღი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის გაშენებული და რაც ძალიან სასიხარულოა, მათ ქართული წარმოების სარწყავი სისტემები აქვთ, ასევე, ადგილზე დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო კონსტრუქციები, ბეტონის ბოძები, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში იწარმოება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

GMnews-ის ინფორმაციით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 12.9 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება კი, 81.1 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

 

კვირის ამბები