საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ კიდევ ერთი სპეციალური პროგრამა მოამზადა, რომელიც ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობას გულისხმობს. ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი და მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას.
„ჩვენ აქ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, ხოლო თუკი საუბარია მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ შეთავაზებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.