საზოგადოება
06.07.2021 10:42
გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება - სოფიო გორგოძე

დღეს იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი. გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.

გორგოძის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

„დღეს დაიწყო უცხოურ ენებში გამოცდა, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად დღეს იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი. გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, რომლებისთვისაც დაინიშნება დამატებითი სესია. ნაშრომების გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი გასასწორებლად მესამე სპეციალისტს გაეგზავნება“, - განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. რაც შეეხება გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს კონკრეტულ საგანში, ყველა სესიის, მათ შორის, დამატებითი სესიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი შედეგების გამოცხადება ეტაპობრივად დაიწყება. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დასრულებისთანავე შეიტყობენ.

კვირის ამბები