საზოგადოება
06.07.2021 10:19
როდის გამოქვეყნდება ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების ვარიანტები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები კონკრეტულ საგანში ყველა სესიის, მათ შორის, დამატებითი სესიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გასული წლებისგან განსხვავებით, ტესტების ვარიანტების გამოქვეყნება ძირითადი გამოცდის დასრულების შემდეგ აღარ მოხდება.

„6 ივლისს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ. უცხოური ენების გამოცდა ორ სესიად ჩატარდება და სამი დღე გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი.

გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი გასასწორებლად მესამე სპეციალისტს გაეგზავნება.

გამოცდაზე გამოყენებული ტესტები კონკრეტულ საგანში ყველა სესიის, მათ შორის, დამატებითი სესიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველადი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დასრულებისთანავე შეიტყობენ“, - ნათქვამია გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, ქვეყნის მასშტაბით, 80 კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი გამოაკლდა.

კვირის ამბები