დღეისთვის, 5 ივლისისთვის დაანონსებული ,,თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ, მათ შორის გორიდან ოთხი მიკროავტობუსით გაემგზავრნენ.
„ღირსების მარშის“ მხარდამჭერებდა და მოწინააღმდეგეებს შორის დედაქალაქში დაპირისპირების რამდენიმე კერაა.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან, მათ შორის ქაშუეთის ტაძართან, პარლამენტთან, ფილარმონიასთან, „სირცხვილიას“ ოფისთან“, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან, მრგვალ ბაღთან.
,,თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ როგორც პრაიდის მომხრეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები, ჟურნალისტები, ფოტორეპორტიორები.
თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ასევე, დღეს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.
დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხებათ ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, საზოგადოებას მოუწოდებენ, გაემიჯნონ სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს.
,,მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარდამჭერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მკაფიოდ გაემიჯნონ სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს ,,თბილისი პრაიდის” სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. ჩვენს მხარდამჭერებს გვსურს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია“, - ნათქვამია ,,თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გორის მაცნე“ გმობს ყოველგვარ ძალადობას.
(მასალაში გამოყენებული ფოტო გადაღებულია ,,ინტერპრესნიუსის" პოტოკორესპონდენტის მიერ).