ტურიზმი
14.11.2019 15:56
სკრის ხეობის უცნობი ძეგლები - აღმოაჩინე შიდა ქართლი
 
სკრის ხეობა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ისტორიულ ცნობებში სკრის, იგივე მეძლებას ხეობა 1756 წლიდან მოიხსენიება, როდესაც ერეკლე მეორემ სკრის ტერიტორიაზე ლეკთა ჯარი დაამარცხა.
ცოტამ თუ იცის, რომ მეძლებას ხეობაში არაერთი ისტორიული ძეგლია, მათ შორის, უძველესი ეკლესიები და კოშკები.
ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია, სკრის სამხრეთით, 8-9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ტაძარი IX-X საუკუნეებით თარიღდება და ნატეხი ქვით არის ნაგები. ეკლესია ახლა თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული. დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და წმინდანების ფიგურები.
ელენთის წმინდა გიორგის ეკლესია XVIII - XIX საუკუნეებით თარიღდება. ნაგებია მცირე ზომის ქვებით. შენობის კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, არ არის შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლის კუთხე.
გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება. 1920 წლის მოწისძვრამ შენობა ძლიერ დააზიანა.
სკრის კოშკს ცილინდრული ფორმა აქვს და ნაგებია რიყის ქვით. კოშკის კედელში ჩაშენებულია ბუხარი, მსგავსი ვიზუალის მქონე კოშკი იშვიათობას წარმოადგენს.
გალიხევის ეკლესია ბნელეთიდან 4-5 კილომეტრით შორს მდებარეობს, მთებში. ნაგებია მწვანე ქვით.
ზემო რიეთის ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ტიპის ტაძარია და მდებარეობს ზემო რიეთის ნასოფლარზე.
კვირის ამბები