დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 110 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 110 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.
„სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ და წლის ბოლომდე, დამატებით, 1000-ზე მეტ სახლს შევისყიდით“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
რაც შეეხება თითოეულ ოჯახზე გასაცემ თანხას, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება და ასე გამოიყურება: ოჯახი, რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან – 22 000 ლარი; ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან – 25 000 ლარი; ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან – 28 000 ლარი; ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან – 31 000 ლარი; ოჯახი რომელიც შედგება 6 წევრისგან – 34 000 ლარი;
ოჯახი რომელიც შედგება 7 წევრისგან – 37 000 ლარი; ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან – 40 000 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი.
ამასთან, საცხოვრებელი ფართის შესყიდვა შესაძლებელია დევნილი ოჯახის თანადაფინანსებითაც განხორციელდეს.
GMnews-ის ინფორმაციით, გასულ წელს, სააგენტომ სოფლად სახლი, ჯამში, 1100-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუძინა.