თერმოსკრინინგის პროცესში არცერთ აბიტურიენტთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა - თინათინ გვერდწითელი
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ამ დროისთვის, აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, დღეს, 6 ივლისს, ორი სესიაა ჩანიშნული. წინა დღეების მსგავსად, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 362 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 13 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, ასევე, არ შემოსულა განაცხადი რომელიმე გამოსაცდელისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით. დღევანდელი გამოცდა 12:45 წუთზე დასრულდება“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს.
ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრია. ბუნებრივი განიავების - ღია ფანჯრების პირობებში, ნებადართულია კონდიციონერების ჩართვაც (როდესაც კონდიციონერი ჩართულია, სავალდებულოა პირბადის გაკეთება).
ხვალიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის გამოცდით გაგრძელდება. აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას რუსულსა და ინგლისურში ჩააბარებს.