საზოგადოება
05.07.2021 09:56
ვაქცინაციის დაჯავშნის პორტალი აღდგენილია, ნახეთ, შიდა ქართლის რომელ კლინიკებში შეძლებთ აცრას და არის თუ არა თავისუფალი ადგილები

აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი აღდგენილია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ დროისთვის, ვაქცინაციის რეგისტრაცია გორში შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ამ დროის მონაცემებით მხოლოდ 2 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.

რაც შეეხება კასპს, ვაქცინაციის კაბინეტი მოქმედებს შპს ,,მედალფას“ კასპის კლინიკაში, სადაც ამ ეტაპზე ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლიათ 6-15 ივლისის ჩათვლით, ხაშურში კი - შპს ,,ახალ კლინიკაში“, სადაც ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია 6-17 ივლისის თარიღებში. კასპსა და ხაშურში ვაქცინაციის დასაჯავშნად თავისუფალი ადგილები არის.

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივლისს, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

პორტალი https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/.

 

კვირის ამბები