საზოგადოება
03.07.2021 12:02
„გორმედი“ მასობრივ ვაქციანციაში 5 კაბინეტით ერთვება, ყოველდღიურად 250-300 პირის აცრა იქნება შესაძლებელი - მერაბ მაისურაძე

სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივ ვაქცინაციაში გაზრდილი მოცულობით, კვირაში 7 დღის განმავლობაში ვაქცინაციის 5 კაბინეტით ჩაერთვება, - აღნიშნულის შესახებ სამედიცინო ქსელის მთავარმა მენეჯერმა მერაბ მაისურაძემ განაცხადა.

მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, მხოლოდ ,,გორმედში“ შესაძლებელი იქნება ყოველდღიურად 250-300 პირის აცრა.

,,როგორც იცით, სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ კოვიდინფექციასთან ბრძოლის აქტიური მონაწილეა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ,,გორმედის“ ქსელის ორი კლინიკა - გორის საუნივერსიტეტო კლინიკა და ქარელის ცენტრალური საავადმყოფო ჩართულია ვაქცინაციაში ორი კაბინეტით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე, მასობრივი ვაქცინაციის ეტაპზე, სამედიცინო ქსელი უკვე მზად არის, რომ 5 ივლისიდან ერთდროულად აამოქმედოს ვაქცინაციის 5 კაბინეტი კვირის 7 დღის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ქსელმა ყოველდღიურად 250-300 პირის აცრა შეძლოს.

ტექნიკურად უკვე ყველაფერი მზად არის როგორც გორის, ასევე ქარელის კლინიკაში, მედპერსონალი გადამზადებულია, ვაქცინაციის ჯგუფები დაკომპლექტებულია და შემაფერხებელი ფაქტორები არ გვაქვს, მთავარია მოსახლეობის მხრიდან აქტიურობა. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რეგიონის მცხოვრებლებს აქტიურობისა და ვაქცინაციისკენ, ეს ერთადერთი საშუალებაა პანდემიის დასამარცხებლად“, - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

შეგახსენებთ, ორშაბათიდან, 5 ივლისიდან, საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია დღეიდან, 3 ივლისიდან გახდება შესაძლებელი.

„სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა.

კვირის ამბები