მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაემატება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება.
„ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები და ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები.
ვიწყებთ „სინოფარმით“, ხვალიდან გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“ და პარალელურად, გაგრძელდება აცრები 10-12 კვირა პირველი აცრიდან „ასტრაზენეკათი“. ამ დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები.
ზაფხულის განმავლობაში ჩვენ აცრები გვექნება 4 ვაქცინით - „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“. ჩვენი სამიზნეა, რომ ივლისში მაქსიმალურად ავიდეთ 20-დან 25 ათას აცრაზე დღის განმავლობაში. თუ ჩვენ, ყველა გავაკეთებთ ამას, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, გავიდეთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე დეკემბერში და ეს გახლავთ მოზრდილი მოსახლეობის 60%. აქვე გეტყვით იმასაც, რომ როგორც მოგეხსენებათ, „ფაიზერს“ ინსტრუქციაში აქვს 16 წელს ზემოთ აცრა, „ფაიზერს“ დაშვება აქვს 16 წლიდან, ამიტომ, „ფაიზერის“ შემოსვლის დროს, ჩვენთანაც 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა.