საზოგადოება
02.07.2021 18:44
ეტაპი, რომელიც დღესდღეობით იწყება კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა - ჯანდაცვის მინისტრი

შემდეგი ეტაპი, რომელიც დღესდღეობით იწყება კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში, მასობრივი ვაქცინაცია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, რომლითაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, მოვახდინოთ გარდატეხა და დავამარცხოთ მსოფლიოსთან ერთად პანდემიის ეს ვერაგი და ცუდი ზეგავლენა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

,,ძალიან აქტიური და კეთილსაიმედოა ჩვენი კოლეგების ჩართულობა კერძო სექტორის მხრიდან, ისინი სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან, 350-მდე ბრიგადა არის დღესდღეობით უკვე მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით, ვითვალისწინებთ იმას, რომ დედაქალაქში საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო, მაგრამ ზაფხულის პერიოდში, ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე, ეს აქტივობა შეიძლება გადანაცვლებული იყოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში, მობილიზებული გვქონდეს იქაც ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა, რათა მოხდეს ნაკადების უწყვეტი ვაქცინებით მომარაგება. სწორედ ამ სტრატეგიას მივყვებით. ასევე საკმაოდ მაღალი მობილიზაცია იქნება აჭარის, გურიის რეგიონში და სხვა ადგილებში, სადაც შიდა ტურიზმის მაღალ მატებას ველოდებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა.

კვირის ამბები