საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე შემოტანილია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა.
„დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ,,ფაიზერს“, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეტაპობრივად ივლისიდან შემოვა.
,,როგორც გითხარით, შემოვიდა მილიონი დოზა ვაქცინა, დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით და უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა დამატებით ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკიც“ - ანუ ჯამში ორი მილიონი გვაქვს უკვე შეკვეთილი.
გარდა ამისა, გეტყვით, რომ „ფაიზერთან“ ჩვენი წარმატებული მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილი გვაქვს მილიონი დოზის თაობაზე. „ფაიზერიც“ ეტაპობრივად უკვე ივლისიდან დაიწყებს აღნიშნული მილიონი დოზის მოწოდებას“, - განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნულის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა.