კორონავირუსი გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებულ ერთ აბიტურიენტს დაუდასტურდა, - აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა დაუდასტურა. თინათინ გვერდწითელის თქმით, კოვიდ19-ით ინფიცირებული აპლიკანტისთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება.
„ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, იმ აბიტურიენტს რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა და ამიტომ ვერ შეძლო დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მოსვლა, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშება. საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე მისთვის, დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრება. ცენტრი დამატებით სესიაზე მოიწვევს გამოსაცდელს ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ “,- აღნიშნა თინათინ გვერდწითელმა.
შეგახსენებთ, გუშინ და დღეს, ჯამში, კორონავირუსი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 25 საგამოცდო ცენტრში, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ 50 აბიტურიენტს დაუდასტურდა.