02.07.2021 12:25
2 ივლისი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეა
დღეს მსოფლიოში სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღის აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, 1920 წელს, ანტვერპენში (ბელგია) გამართული ოლიმპიური თამაშებისას ჩაეყარა. შემდგომ ოლიმპიადაზე - 1924 წელს პარიზში კი, მსოფლიოს სპორტისა და პრესის ასოციაცია დაფუძნდა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია - სსჟა, რომელიც 1991 წლის 19 აპრილს დაფუძნდა, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაში 1992 წლის 30 აპრილს გაწევრიანდა.
გორელი სპორტული ჟურნალისტი ვასილ ბალახაძე 1998 წლიდან ამ პროფესიით მუშაობს და საზოგადოებას, სხვადასხვა მედიასაშუალებით აცნობს სპორტულ სიახლეებს.
„დღეს, 2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეა! ვულოცავ ყველა სპორტულ ჟურნალისტს, წარმატებებს ვუსურვებ და სიკეთეს ჩემს კოლეგებს! მადლობა ღმერთს, რომ სპორტულ ჟურნალისტიკაში უამრავი კარგი მეგობარი შევიძინე! მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 1998 წლიდან მოყოლებული გვერდში მიდგას, სტიმულს მაძლევს და ასპარეზს მიხსნის, რათა ჩემი მცირე წვლილიც შევიტანო ქართული სპორტის, სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში“, - აღნიშნავს ვასილ ბალახაძე.
რაც შეეხება საქართველოში სპორტული ჟურნალისტიკის ისტორიას, პირველი ქართული სპორტული ჟურნალი -„შევარდენი“ საქართველოში, ჯერ კიდევ 1918 წელს გამოიცა, რომელსაც სპორტული საზოგადოება „შევარდენი“ გამოსცემდა. 1934 წელს კი, სპორტული გაზეთი - „პირველი ფიზკულტურელი“ დაიბეჭდა, რომელსაც 1949 წლიდან სახელი შეეცვალა და დღემდე „ლელოს“ სახელით ვრცელდება. დღესდღეობით საქართველოში რამდენიმე სპორტული გაზეთი და ჟურნალი გამოიცემა, სპორტულ ამბებს აშუქებენ ტელეკომპანიები და სპორტული ვებ-გვერდები.