კონფლიქტები
14.11.2019 15:30
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ექიმის მიმართ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. დე ფაქტო რეჟიმის  წარმომადგენლების განცხადებით, გაფრინდაშვილმა მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცხინვალში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო „რესი” ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ზვიად ზვიადაძის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა ყველა შესაძლო არხი და საშუალება გაააქტიურეს. „იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ გატაცების შესახებ ცნობილი გახდა, ხელთ არსებული ყველა შესაძლო არხი და საშუალება გავააქტიურეთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა  საქართველოს მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან დროულად იქნას დახსნილი და ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს. სახელმწიფო მინისტრმა იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა ეუთოს წარმომადგენელი საქართველოში. დღეს მას შეხვედრა აქვს ეუთოს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, 9 და 11 ნოემბერს, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ვაჟა გაფრინდაშვილი და 1956 წელს დაბადებული ზურაბ ტუხიაშვილი. დაკავებულთაგან ერთის - ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 322-ე მუხლით). დე ფაქტო უწყების ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.

რაც შეეხება სამ დაკავებულს, სამივე მათგანს ფულადი ჯარიმის გადახდა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევების სანქცია შეეფარდა.

კვირის ამბები