საზოგადოება
02.07.2021 11:29
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს კონკურსი სპეციალური განათლების პედაგოგებისთვის - 5 პედაგოგი გადამზადებას პოლონეთში გაივლის

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო სპეციალური განათლების პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსის საფუძველზე შერჩეული 5 პედაგოგი პოლონეთში გადამზადდება და დაბრუნების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ საბავშვო ბაღებში დასაქმდება.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას სააგენტო სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალური განათლების პედაგოგების გადამზადებისა და დასაქმების მიზნით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიზნით განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

1) უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში.

2) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანკლებ 5 წლის გამოცდილება.

3) გავლილი გადამზადება ინკლუზიური მიმართულებით არანაკლებ 3 თვის ვადით.

განცხადებები მიიღება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში მისამართზე: ქ. გორი, სტალინის ქუჩა N16 ან სააგენტოს მეილზე:

saagento18@gmail.com პირველი ივლისიდან ცხრა ივლისის ჩათვლით.

კონკურსში გამარჯვებული ხუთი აპლიკანტი აგვისტოში გადამზადებას გაივლის პონოლეთის ქალაქ ოჟიშში და შემდეგ დასაქმდებიან გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი აცხადებს, რომ სპეციალური განათლების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება და საბავშვო ბაღებში დასაქმება კიდევ უფრო გააუმჯობესებს სააღმზრდელო გარემოს.

,,ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია. სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები ინფრასტრუქტურული თუ სააღმზრდელო გარემოს გასაუმჯობესებლად. სპეციალური განათლების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება პოლონეთში და შემდგომ მათი დასაქმება გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენი პატარებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და უნარების განვითარებას“, - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა ,,გორის მაცნესთან“.

კვირის ამბები