საზოგადოება
02.07.2021 11:28
გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 364 აპლიკანტიდან გამოცდაზე 14 არ გამოცხადდა - თინათინ გვერდწითელი
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. დღეს, გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 364 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 350 აპლიკანტი გამოცხადდა.
როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრაციის პროცესმა დღესაც საკმაოდ ორგანიზებულად ჩაიარა. 364 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 14 არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტთან არ დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა. აპლიკანტთა კიდევ ერთ ნაკადს მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უკვე ორშაბათს ველოდებით. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 5 ივლისს დასრულდება“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
ცენტრის ცნობით, მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კანდიდატების რეგისტრაციას, 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
კვირის ამბები