ევროკავშირში გამოყენებისთვის დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტურია ე.წ. დელტა და სხვა შტამების წინააღმდეგ, - ამის შესახებ მედიკამენტების ევროპული სააგენტოს ვაქცინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ განაცხადა.
„ევროკავშირში დამტკიცებული ოთხი ვაქცინა იცავს ყველა ცნობილი შტამისგან, მათ შორის „დელტა“ შტამისგანაც. პირველადი მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინის ორი დოზა იცავს დელტა შტამისგან. ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები კორონავირუსის ყველა შტამის ნეიტრალიზებას ახდენს“, - აცხადებს მედიკამენტების ევროპული სააგენტოს ვაქცინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ევროპის წამლის სააგენტო მოუწოდებს ვაქცინის ყველა მწარმოებელს, რომ გამოიკვლიონ, რამდენად იცავენ ადამიანებს ახალი შტამებისგან მათ მიერ წარმოებული ვაქცინები.
ამ ეტაპზე, ევროპის მარეგულირებლის (EMA) მიერ ავტორიზებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო შემდეგი ვაქცინები: Pfizer/ BioNTech [Comirnaty]; Moderna; Oxford/AstraZeneca [Vaxzevria]; Johnson & Johnson.