საზოგადოება
01.07.2021 10:39
სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის გარდამავალი პროექტი ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე, 24 საათიანი წყალმომარაგებით 150 ოჯახი ისარგებლებს, მომავალი წელს კი, სერვისი სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზრაშვილი ადგილზე გაეცნო და მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს სასმელი წყალი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ამ ეტაპზე თითქმის ყველა სოფელი უზრუნველყოფილია მეტ-ნაკლებად, მაგრამ არის უბნები, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს სისტემა მოსაწესრიგებელ. ამ სოფელს, 500 ოჯახს, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის, გარდამავალია და იმედი მაქვს, რომ ვადებში დასრულდება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება, მთლიანობაში კი, პროექტზე 1 750 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 24 კმ-მდე ცენტრალური და შიდა ქსელი, ასევე, 4 ლოკაციაზე მოეწყობა კოშკურა და წყალშემკრები აუზი, ჯამში, 400 ტონა რეზერვუარით. განთავსდება საქლორატორო შენობები, გაიწმინდება და მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კვირის ამბები