ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამ დროისთვის, აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებეს. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, დღეს, ორი სესიაა ჩანიშნული. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 364 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 16 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა. დღევანდელი გამოცდა 3 საათი და 45 წუთი გაგრძელდება“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში წელსაც სპეციალური წესები მოქმედებს.
ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება 2 მეტრია. ამასთან, 15 დან 10-მდე შემცირდა საგამოცდო სექტორში აპლიკანტთა დასაშვები რაოდენობა და აბიტურიენტები, მხოლოდ სამედიცინო პირბადეებით დაიშვებიან. ბუნებრივი განიავების - ღია ფანჯრების პირობებში, ნებადართულია კონდიციონერების ჩართვაც.
აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.