გორში, კვერნაკის დასახლების ტერიტორიაზე უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, - ამის სესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩასტარებია.
„არსებული მილები მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 800 კმ-მდე მაგისტრალური მილი, ამ ეტაპზე რეზერვუარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება მოსახლეობა.
პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.