შიდა ქართლის საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ - დაჯილდოების ცერემონიას იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში გაიმართა. ღონისძიებას იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა. ჩატარებული კონკურსის შედეგად გამარჯვებულები ორ ნომინაციაში დასახელდნენ - შიდა ქართლის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) და მათემატიკის სწავლებაში.
კონკურსის გამარჯვებულებად და შესაბამისად, შიდა ქართლის საუკეთესო მასწავლებლებად ხაშურის №7 საჯარო სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლიანა მეტივიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი დალი პაპუაშვილი დასახელდნენ.
GMnews-ის ინფორმაციით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და ოთხკაციანი კომპეტენტური კომისიის მიერ, საქართველოს სამ რეგიონში მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენას ემსახურებოდა.
რეგიონული კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები და ამავდროულად, დაწყებითი განათლების, კერძოდ, კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა.