სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები და პროექტები შიდა ქართლელ ფერმერებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს
სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები და პრემიერის ინიციატივით შემუშავებული გრძელვადიანი პროექტები, შიდა ქართლელ ფერმერებსა და მეწარმეებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს. დაინტერესებულ პირებს, დარგში არსებული სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ერთად გააცნო.
ფერმერებთან გამართულ შეხვედრას, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდა. ფერმერებმა, განსაკუთრებული ინტერესი სოფლის განვითარების სააგენტოს პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამების მიმართ გამოხატეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებთან, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები განვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა პრემიერის ინიციატივით შემუშავებულ გრძელვადიან ხედვებზე, დარგობრივ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ფერმერებისთვის ძალიან საინტერესოა, რას გეგმავს სახელმწიფო, რა სამომავლო მიდგომები გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერების მხრიდან მათი საჭიროებების მოსმენა, რაც, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პროგრამებში იქნება ასახული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.