სოფლის მეურნეობის სფეროში უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით პოლონეთში მყოფი ქართლელი ფერმერები საქართველოში დაბრუნდნენ. ვიზიტორები, სასწავლო ტურის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თევზის, ხილ-ბოსტნეულის, რძისა და ხორცპროდუქტების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცვნენ, ასევე, მოინახულეს პომორსკის რეგიონში არსებული აგროტურიზმის ობიექტები და პოლონელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, ზემოხსენებული სასწავლო ტური ქართლელი ფერმერებისთვის მიმდინარე წლის მარტში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოლონეთში ოფიციალური ვიზიტისას დაიგეგმა.
„მიხარია, რომ ჩვენი წარმომადგენლების გასვლითი შეხვედრები წარმატებულად დასრულდა, თუმცა, ამას აუცილებლად უნდა მოყვეს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. შეძენილ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ და შიდა ქართლის რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ. განათლება და გამოცდილება როგორც ნებისმიერ, ისე ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯი ეფექტური და ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება“, - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.